ონლაინ დახმარება

ფეისბუკი

ვალუტის კურსი

USD 2.3983 0.0000
EUR 2.7923 0.0000
GBP 3.1183 0.0000
RUB 4.0713 0.0000

ამინდის პროგნოზი

Georgian VersionEnglish VersionRussian Version
ასურელი მამების ნაკვალევზე

ასურელი მამების ნაკვალევზე

ტური: ასურელი მამების ნაკვალევზე (4 დღიანი).

სახეობა: რელიგიური.

სატრანსპოტო საშუალება: ჯიპი, საფეხმავლო.

ხანგრძლივობა: 4 დღე.

კვება: სამჯერადი.

ტური შეიძლება შეიცვალოს თქვენი სურვილის მიხედვით.

სანახავი ობიექტები: ზედაზნის მონასტერი, სამთავროს მონასტერი, შიომღვიმის მონასტერი, წილკნის მონასტერი, სამთავისის მონასტერი, ურბნისის მონასტერი, ბრეთის მონასტერი, ულუმბოს მონასტერი, მარტყოფის მონასტერი, იყალთოს მონასტერი, ალავერდის მონასტერი, ნეკრესის მონასტერი, ხირსის მონასტერი, დავითგარეჯის მონასტერი.

ტურის პროგრამა: რელიგიური ტურებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ასურელ მამათა საფლავების მონახულება. წმიდა ნინოს შემდეგ, ყველაზე დიდი წვლილი საქართველოს გაქრისტიანებაში სწორედ მათ მიუძღვის. ასურეთიდან ჩამოსულმა მამებმა VI საუკუნის საქართველოს სულიერი ცხოვრება ააღორძინეს, დაამკვიდრეს სმონასტრო ცხოვრების წესი, ააშენეს მრავალი მონასტერი და ტაძარი. მათ მიერ დაარსებული სავანეები ქართული მწიგნობრობისა და განათლების ცენტრებად იქცნენ. ასურელი მამების საფლავები საქართველოს სხვადასხვა კუთხეშია გაბნეული. ისინი წმიდანებად არიან შერაცხულნი: იოანე ზედაზნელი, შიო მღვიმელი, იოსებ ალავერდელი, ანტონ მარტყოფელი, თადეოზ სტეფანწმინდელი, პიროს ბრეთელი, ისე წილკნელი, სტეფანე ქიზიყელი ანუ ხირსელი, ისიდორე სამთავნელი, მიქაელ ულუმბოელი, ზენონ იყალთოელი, დავით გარეჯელი, აბიბო ნეკრესელი.

I დღე

დილით საუზმე და გამგზავრება მცხეთის მიმართულებით, ზედაზნის მონასტრის დათვალიერება, მცხეთაში სამთავროს მონასტრის დათვალიერება, სადილი, შემდეგ გაემგზავრებით შიომღვიმის მონასტერში, დაბრუნება მცხეთაში და სასტუმროში დაბინავება, თავისუფალი დრო მცხეთის დათვალიერება და ვახშამი.

II დღე

დილით საუზმე და გამგზავრება დასავლეთის მიმართულებით, დაათვალიერებთ წილკნის და სამთავისის მონასტრებს, ისადილებთ, ესტუმრებით ურბნისის მონასტერს, შემდეგ ინახულებთ ბრეთის და ულუმბოს მონასტერს, საღამოს დაბრუნება თბილისში და სასტუმროში დაბინავება.

III დღე

დილით საუზმე და გამგზავრება მარტყოფის მიმართულებით, შემდეგ გაემგზავრებით კახეთის მიმართულებით და ინახულებთ იყალთოს მონასტერს, ისადილებთ, შემდეგ მოინახულებთ ალავერდის და ნეკრესის მონასტრებს, საღამოს ვახშამი და დაბინავება ყვარლის სასტუმროში.

IV დღე

საუზმის შემდეგ ინახულებთ ხირსის მონასტერს და გაემგზავრებით დავით გარეჯისკენ, გზად ისადილებთ, დაათვალერებთ დავითგარეჯის მონასტერს და დაბრუნდებით თბილისში. გზად ივახშმებთ.

  ზედაზნის მონასტრის დამაარსებელი იოანე ზედაზნელია. ის საქართველოში ქ. ანტიოქიდან VI საუკუნის შუა წლებში შემოვიდა თავის მოწაფეეფთან (ასურელ მამებთან) ერთად. ისინი ჯერ მცხეთაში ცხოვრობდნენ, ხოლო შემდეგ ზედაზნის მთაზე ააშენეს მონასტერი. სწორედ აქედან დააგზავნა იოანემ მამები ქართლსა და კახეთში ქრისტიანობის გასავრცელებლად და ეკლესია-მონასტრების დასაარსებლად. სამონასტრო ნაგებობათაგან, ზედაზენზე შემორჩენილია ნათლისმცემლის სამნავიანი ბაზილიკა, რომელიც VIII საუკუნის დასასრულსა აშენებული, ადრინდელი დარბაზული ეკლესიის ადგილას. აქ დაგხვდებათ წყაროც, რომელიც იოანე ზედაზნელის ლოცვით აღმოცენდა. ხანგრძლივი მოღვაწეობის შემდეგ წმიდა იოანეს აქვე აღესრულა და მონასტერშია დასაფლავებული. მონასტერიდან ულამაზესი ხედი იშლება, საიდანაც მცხეთაც მოსჩანს და თბილისიც.

  სამთავროს მონასტერში გადმოცემის თანახმად წმიდა მღვდელმოწამის აბიბოს ნეკრესელის უხრწნელი ნაწილებია დაკრძალული წმიდა ტრაპეზის ქვეშ. იოანე ზედაზნელის კურთხევით წმიდა აბიბოსი ნეკრესში მოღვაწეობდა, ამ დროს საქართველოში ცეცხლთაყვანისმცემელი სპარსელები ბატონობდნენ. ერთხელ წმიდა მღვდელმთავარმა ნახა, როგორ სცემდნენ ცეცხლს თაყვანს, ვეღარ მოითმინა ცეცხლს წყალი დაასხა და ჩააქრო. სპარსელმა ჯალათებმა სასტიკად აწამეს წმინდა მამა და მისი სხეული ქალაქგარეთ გაიტანეს და დატოვეს. ღამით ბერებმა მალულად დიდი პატივით დაასაფლავეს სამთავისის მონასტერში, საიდანაც შემდეგ სამთავროს მონასტერში გადმოასვენეს. ამჟამინდელი მაონასტრის მთავარი ტაძარი XI საუკუნისაა, მის აღმოსავლეთით დგას წმ. ნინოს ეკლესია და მაყვლის ბუჩქი - ადგილი სადაც წმ. ნინო ლოცულობდა. საქართველოში საქადეგებლად ჩამოსული წმინდა ნინო პირველი სამი წელი აქ ცხოვრობდა, აქვე დაკრძალული პირველი ქრისტიანი მეფე მირიანი და ნანა დედოფალი. ტაძრის ეზოშია თანამედროვე წმ. ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი-სალოსის (მამა გაბრიელი) საფლავი. აქ მოინათლა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია II. ამჟამად სამთავროში დედათა მონასტერი ფუნქციონირებს.

  შიომღვიმის მონასტერი ღირსმა მამა შიომ დააარსა. თავისი სულიერი მამისგან-იოანე ზედაზნელისგან დაყუდებისმოყვარე შიომ ზედაზნიდან უდაბნოში წასვლის ნებართვა ითხოვა. მცხეთის მახლობლად, სარკინეთის კლდეში იპოვა მღვიმე, და იქ დაიწყო მოღვაწეობა, ანდერძის თანახმად, იქვე დაკრძალეს. მღვიმე წმინდა ადგილად იქნა მიჩნეული, მონასტრის სახელიც აქედან მოდის (შიოს მღვიმე, შიომღვიმე). მღვიმე-ჭა (ძირი 3მ.X4მ. სიმაღლე 11მ.), რომელშიაც მამა შიომ თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა ზემოთ ვიწროვდება და მთავრდება ხვრელით, საიდანაც მას თოკით საჭმელსა და წყალს აწვდიდნენ. სამონასტრო კომპლექსის უძველესი ნაგებობაა ჯერ კიდევ წმიდა შიოს სიცოცხლეში, 560-70-იან წლებში აშენებული წმიდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, კომპლექსში კიდევ რამოდენიმე ტაძარია. მონასტრის ტერიტორიაზე შემოსასვლელი კარიბჭის მარჯვნივ არის წყრო რომელსაც ცრემლის წყრაოს უწოდებენ. ამ წყალს მაკურნებელი ძალა აქვს, მადლიანი წყალია. ის ცრემლების სახით მოდის, როგორც მონასტერში მოღვაწე მამები აღნიშნავენ დღის განმავლობაში 100-120ლ წყალი მოდის. მონასტერს ძალზედ დიდი ისტორია აქვს, ქვეყნის ისტორიის მსგავსად ის ხან ამაღლებას და ხანაც დაკნინინებას განიცდიდა.მიუხედავად ამისა ის მაინც შემორჩა და დღეს აქ მამათა მოქმედი მონასტერია.

  წილკანში ქრისტიანული ეკლესია ქართლში ქრისტიანობის გავრცელების პირველ პერიოდში ააგეს. V-VI საუკუნეების მიჯნაზე წილკანში არსებული ეკლესიის ნაცვლად აშენდა სამნავიანი ბაზილიკა VI საუკუნის II ნახევარში წილკნის ეპარქიას ისე წილკნელი განაგებდა, რომელმაც საქართველოს ჩრდილოეთი მთიანეთის მოსახლეობა გააქრისტიანა, ააშენა ეკლესიები და დაარსა წილკნის მონასტერი. მის აქ მოღვაწეობის პერიოდს მრავალი სასწაული უკავშირდება. ღირსი ისემ კალაპოტი უცვალა მდინარე ქსანს საკუთარი კვერთხის სასწაულმოქმედებით და წყალი წილკნის ეკლესიამდე მიეყვანა. ის მთელ ეპარქიაში მოგზაურობდა და სნეულებს და დავრდომილებს ხელის შეხებით კურნავდა. წმიდა მღვდელმთავრი დიდი ხნის მოღვაწეობის შემდეგ აქვე აღესრულა და წილკნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარშია დასაფლავებული. აღსანიშნავია წილკნის ტაძარს განსაკუთრებული სიწმიდე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, საეკლესიო გადმოცემის თანახმად ამ სასწაულმოქმედი ხატის შექმნა ლუკა მახარებელს მიეწერება. ამჟამად ეს ხატი საქართველოს მუზეუმის განძთსაცავში ინახება, ტაძარში კი ხატის ასლია დაბრძანებული.

  სამთავისის სამონასტრო კომპლექსი ყველაზე მეტადაა გამოკვლეული იმ სამონასტრო კომპლექსებს შორის სადაც ასურელი მამები მოღვაწეობდნენ. არქეოლოგიურმა გათხრებმა სამთავისის ტაძარში დაადასტურა დიდი სამონასტრო კოპლექსის არსებობა, თუმცა მის შექმნამდე აქ იყო ეკლესია, რომლის აშენების თარიღი 472 წელია. წმინდა ისიდორე ამ სამონასტრო კომპლექსის სულისჩამდგმელია. წმიდა მამა ზედაზნიდან წამოსვლის შემდეგ მდინარე ლეხურის მარცხენა ნაპირზე დაეფუძნა. იგი მოძღვრის კურთხევით დიდხანს ქადაგებდა ქართლში. ხანგრძლივი მოციქულებრივი მოღვაწეობის შემდეგ, სოფელ ჭალის სიახლოვეს ააშენა მონასტერი. გადმოცემის მიხედვით, მამა ისიდორეს თან ჰქონდა მაცხოვრის – იესო ქრისტეს ხელთუქმნელი ხატი, რომელიც თავის მიერ აგებულ მონასტერში დააბრძანა. ისიდორე სამთავნელი თავის მიერ აგებულ მონასტერში აღესრულა და აქვეა დასაფლავებული. მონასტრის მთავარი ტაძარი ქართული არქიქეტურის ნიმუშს წარმოადგენს, ის იმიტომაც უნდა ნახოთ, რომ ქართული ჩუქურთმის საიდუმლოს ეზიაროთ.

  წმიდა თადეოზ სტეფანწმინდელი, იგივე თათე მამებელი, მამა იოანე ზედაზნელის უახლოესი თანამდგომი მოწაფე იყო. თავდაპირველად მცხეთაში მოღვაწეობდა, მან ზედაზნის ძირში ააშენა მონასტერი. წმინდა იოანეს გარდაცვალების შემდეგ წმნიდა თათემ მონასტერი ილია დიაკვანს ჩააბარა, თვითონ კი ჯვრითა და სახარებით შემოიარა მთები, ააშენა მრავალი ეკლესია, რომელთა შორის ცნობილია წმიდა სტეფანეს ეკლესია ქალაქ ურბნისში. მოციქულთა კვალზე დიდი ხნის მოღვაწეობის შემდეგ წმიდა თათემ მონასტრის აშენება ინება. შეარჩია მაღალი, ტყიანი მთა, რომელსაც წლევის მთას ეძახდნენ, მდინარე რეხულას ზემოთ და იქ ააშენა მონასტერი, თვითონ კი იმ მთაზე გამოკვეთილ მომცრო სენაკში ცხოვრობდა დიდხანს და იქვე აღესრულა. ჯერჯერობით დაუდგენელია თუ სად არის ზუსტად წმინდა მამის საფლავი, სავარაუდოდ მონასტრის მამებმა მიაგნეს ამ საფლავს. თუმცა ჯერ, ოფიციალურად დადგენილი არ არის. დაზუსტებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ წმინდა მამა ურბნისში დიდხანს მოღვაწეობდა. ურბნისში წმინდა მამამდე ქართლში შემოსული წმინდა ნინო საკმაო ხანს გაჩერებულა და აქედან გაუგრძელებია გზა მცხეთისკენ.

  ბრეთის მონასტერი წმინდა იოანე ზედაზნელის კურთხევით, ღირსი მამა პიროსმა ააგო შიდა ქართლში, მდინარე ფრონეს მარცხენა სანაპიროზე. თავიდან პიროს ბრეთელმა ააშენა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, რომელიც დღეს პიროს ბრეთელის სახელობის ტაძრად მოიხსენიება. ხოლო მე–7 საუკუნეში წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი აშენდა. ამ ორ ტაძარს საერთო კედელი აქვს. წმიდა მამა ტაძრის ეზოში ყოფილა დაკრძალული, მაგრამ ზუსტად უცნობია სად, პირობითად მისი საფლავი ტაძარშია მოწყობილი. წმ. გიორგის ეკლესიაში დაცულია სიწმინდე, წმიდა გიორგის მუხლის ძვალი, რომელიც ხატ – "ბრეთის წმინდა გიორგიშია". რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს ბრეთის წმიდა გირგის სახელობის ტაძარზე მეტად უცნაურ რამეს, გარეთა კედელზე დატანებულ ხატებს წააწყდებით. მაშინ, როცა ტაძარი "ვერ" ფუნქციონირებდა, ხალხს გარედან, ტაძრის კედლებზე მაინც შესძლებოდათ სანთლების დანთება და ლოცვა. აღსანიშნავია ეკლესიაში მდებარე მცირე ზომის საფლავია, რომელიც მუდამ სველია. წმ. პიროს ბრეთელის ტაძრის გვერდით დედათა მონასტერია, ლეგენდის მიხედვით ეკლესიაში იყო საიდუმლო გვირაბი, რომელიც მდინარე ფრონის ქვეშ გადიოდა და უკავშირდებოდა მთაზე აღმართულ წმინდა სამების ტაძარს, რომელიც ნახევრად დანგრეულია.

  ულუმბოს მამათა მონასტერი მეექვსე საუკუნის მონასტერია. იქ მოღვაწეობდა მიქაელ ულუმბოელი ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთი, რომელიც ქრისტიანობას ქადაგებდა ქართლსა და ოსეთში. ულუმბოს მონასტრის მეორედ აღშენების თარიღი 1400-1415 წლებით თარიღდება. ულუმბოს ამჟამინდელი ეკლესია მღვდელთმსახურების განახლების მიზნით 1871 წელს არის აღდგენილი, თუმცა ძველად არსებული ეკლესიის (სიგრძით დაახლოებით 24 მ) კვალი მაინც შემორჩენილია. არაა დადგენილი ზუსტად მიქაელ ულუმბოელის საფლავის მდებარეობა, მაგრამ ის კი ცნობილია, რომ ულუმბოს მონასტრის ტერიტორიაზეა დაკრძალული. დღეს, იქ ბერების სავანეა, ბერები ულუმბოის ზედა მონასტერში (0.8 კილომეტრში) მოღვაწეობენ და სულ რაღაც 20 წუთში მსურველს შეუძლია ასვლა, თუმცა იქ ქალთა შესვლა ტაძრის წესებიდან გამომდინარე არ შეიძლება. ულუმბოს მონასტერში მიმავალი გზა არცთუ ისე კარგია, მაგრამ გზაზე ულამაზეს ბუნებაა.

  მარტყოფის ღვთაების მონასტერი წმინდა მამა ანტონმა დაარსა. მამა ანტონს ძლიერ უყვარდა მარტოდ ყოფნა და ღვთის ვედრება. ამიტომაც მას „მარტომყოფელი“, ანუ მოკლედ „მარტყოფელი“ უწოდეს, ხოლო ადგილმა, შესაბამისად, სახელწოდება მარტყოფი მიიღო. მამა ანტონს თან ჰქონდა გულზე დაკიდებული ერთი აგური, რომელზედაც გამოხატული იყო ხელთუქმნელი სახე იესო ქრისტესი. წმინდა მამა დღე და ღამე მხურვალედ ლოცულობდა თავისი სასწაულმოქმედი ხატის წინ და მრავალ სასწაულს ახდენდა. ამის გამო მასთან იწყო სიარული აუარებელმა ხალხმა, როცა მათმა რიცხვმა ძლიერ იმატა, მამა ანტონმა საჭიროდ ჩათვალა მონასტრის აშენება. თავისთვის კი მთის მწერვალზე ააშენა კოშკი, დაეყუდა და იქ მოღვაწეობდა გარდაცვალებამდე. გარდაცვალების შემდეგ მამა ანტონის პატიოსანი გვამი ჩამოასვენეს კოშკიდან მის მიერ დაარსებული მონასტრის ტაძარში და დაკრძალეს ღვთისმშობლის ხატის წინ. მონატრის ტაძრები ღვთაების, ღვთისმშობლის, წმინდა გიორგის და მამა ანტონის სახელობისაა. მონასტერში მიმავალ გზაზე აღმართულია ქვის სვეტი შუქურისათვის, რათა გაადვილებულიყო ღამით მონასტერში ასვლა. დღეს შემორჩენილია ამ შუქურის ნაშთი, რომელსაც "მისალოცავს" უწოდებენ.

  წმიდა ზენონ იყალთოელი ქადაგებდა კახეთის მთიანეთში, შემდეგ იყალთოში დააარსა მონასტერი და იქ მოღვაწეობდა გარდაცვალებამდე. ზენონ იყალთოელის მოღვაწეობამ ხელი შეუწყო კახეთში ქრისტიანული ეკლესიის განმტკიცებას. იყალთო ქართველებისათვის არის წმინდა მართლმადიდებლობის სიმბოლო. აქ XI-XII საუკუნეებში დავით აღმაშენებლის მასწავლებელმა, რომელიც აქ გელათიდან გადმოსულა, დაარსა აკადემია. აკადემიაში ეუფლებოდნენ ღვთისმეტყველებას, რიტორიკას, ასტრონომიას, ფილოსოფიას, გეოგრაფიას, გეომეტრიას, ლითონის დამუშავებას, მევენახეობა-მეღვინეობას, ფარმაკოლოგიას გალობას და სხვ. მონასტრის ტერიტორიაზე მდებარეობს სამი ეკლესია: ღვთაების, ყველაწმიდისა და სამების. ბოლო წლებში დასრულდა იყალთოს კომპლექსის რესტავრაცია, მონასტრის მთავარ ტაძარს თავისი პირვანდელი სახე დაბრუნდა. გადარჩა ტაძარი, სადაც ღირსი მამა ზენონისა და არსენ იყალთოელის საძვალეებია.

  ალავერდის მონასტერი VI საუკუნის შუა ხანებში დააარსა წმინდა იოსებ ალავერდელმა. არსებული წმ. გიორგის ტაძარი XI ს-ის პირველ მეოთხედშია აგებული. წმიდა იოანე ზედაზნელის კურთხევით წმინდა მამა კახეთის სხვადასხვა ადგილას ქადაგებდა. ბოლოს იორსა და ალაზანს შორის მოქცეულ ალავერდის გაუვალ, უდაბურ, დაუსახლებელ, უნაყოფო ადგილას მძიმე ბერულ ცხოვრებას შეუდგა. მის ქადაგებას თან სდევდა სასწაულები, რასაც მოძღვარი მაცხოვრის ცხოველმყოფელი ჯვრის ხისგან გაკეთებული ჯვარით აღასრულებდა, რომელსაც ბავშვობიდან განუშორებლად თან ატარებდა. კახეთის მოქცევის შემდეგ მამა იოსები მონასტრის ერთ-ერთ სენაკში დაეყუდა, სადაც კიდევაც აღესრულა. გადმოცემით იგი ტაძარში დაკრძალეს. რამდენიმე ხნის წინ ალავერდის მთავარ ტაძარზე მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოების დროს აღმოაჩინეს, რომ იოსებ ალავერდელის ნეშტი არა ალავერდის ტაძარში განისვენებს, როგორც ეს აქამდე ითვლებოდა, არამედ – ტაძრის კედელში. ალავერდის ტაძარი ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში (41,7x26,4, სიმაღლე 50 მ-მდე). ალავერდის ტაძრის კიდევ ერთი სიწმინდეა ტრაპეზის ქვეშ დაფულილი, კახეთის დედოფლის, დიდმოწამე ქეთევანის წმიდა ნაწილებია.

  ნეკრესის მონასტერი კახეთის უმნიშვნელოვანესი და უძველესი კულტურის ცენტრი იყო. მისი დაარსება დაკავშირებულია იოანე ზედაზნელის თანამოღვაწის, აბიბოსის სახელთან, რომელიც ნეკრესის მღვდელმთავრად აკურთხეს. მისი მღვდელმთავრობა საქართველოსათვის ძალიან მძიმე პერიოდს დაემთხვა. ქართლში დამკვიდრებული სპარსელები ყველა ღონეს ხმარობდნენ მაზდიანობის დასანერგად, რის წინააღმდეგაც მკაცრად გაილაშქრა აბიბოსმა, ამის გამო ის სასტიკად აწამეს და მისი ცხედარი ქალაქგარეთ უპატრონოდ დატოვეს. ბერებმა წმინდა მამა ჩუმად ჯერ სამთავისში, ხოლო შემდეგ სამთავროს მონასტერში გადაასვენეს. ბოლო დროს მოხდა ნეკრესის აღდგენა-რესტავრაცია. რესტავრირებულია გუმბათოვანი ეკლესია, ორი მცირე ეკლესია და ბაზილიკა, აღდგენილია ნეკრესელის სასახლე, კოშკი-სამრეკლო, სატრაპეზო ორი მარანი და სხვ. საინტერესოა ტაძრის ეზოში მდებარე ღია მარანიც, რომელიც 5-6 საუკუნეს მიეკუთვნება და 10 სხვადასხვა ზომის ქვევრისაგან შედგება. მონასტერი კავკასიონის ქედის განშტოებაზე განლაგებულია, ტყით დაფარულ მთის ფერდობზე. მონასტრიდან ალაზნის ველის უსასრულო, თვალწარმტაცი სივრცე იშლება.

  ხირსის მონასტერი საქართველოში ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთმა მქადაგებელმა სტეფანე ქიზიყელმა (სტეფანე ხირსელმა) დააარსა. ისტორიული ტრადიციით, იგი აქვეა დაკრძალული. მონასტერი დიდ როლს ასრულებდა კახეთის, კერძოდ, მის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილის რელიგიურ ცხოვრებაში. დღეისათვის შემონახულია IX-X საუკუნის გუმბათოვანი ტაძარი, რომელიც აგებულია VI საუკუნის ბაზილიკის ადგილზე. ტაძარში შემორჩენილია სტეფანოზ ხირსელის ფრესკა, რომელიც ხატის სახით გავრცელდა. ტაძრის ერთ-ერთი უძველესი სიწმინდე იყო წმ. პირველმოწამე სტეფანეს ნეკა თითი, რომელიც, სავარაუდოდ, თვით ღირს სტეფანეს ჩამოუბრძანებია. დღეისათვის წმ. სტეფანეს ნეკი ბოდბის დედათა მონასტერშია დაბრძანებული. ხირსის მონასტერში XX ს-ის დასაწყისამდე შემორჩენილი იყო ძველი ქართული ჩვეულება. აღთქმის მიხედვით, ირგვლივ მოსახლე მამაკაცები მონასტერს სწირავდნენ თავის ფიზიკურ შრომას. რამდენიმე თვის განმავლობაში ისინი უსასყიდლოდ მუშაობდნენ მონასტერში. მონასტერი მრავალჯერ დარბეულა, მაგრამ აღუდგენიათ. მრევლი ყოველთვის ზრუნავდა მის აღდგენაზე და აშენებაზე, რის წყალობითაც ამ ტაძარმა, რომელმაც თოთხმეტი საუკუნე გამოიარა, ჩვენამდე მოაღწია.

  მამა დავითმა თავიდან სამოღვაწეოდ თბილისი აირჩია. ქალაქის დასავლეთით მდგარი მთის ფერდობზე, გამოქვებულში დასახლდა და იქვე პატარა სამლოცველო მოაწყო. ხუთშაბათობით კი ქალაქში ჩადიოდა, ქადაგებით ამხნევებდა ხალხს იმ ადგილზე, სადაც წმიდა მამას უყვარდა ქადაგება, ამჟამად ქუაშვეთად წოდებული წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია. ღირსმა მამამ, განდეგილთა წესისამებრ, ხალხისგან მოშორებით ისურვა დამკვიდრება. ამისთვის მან კახეთში, გარეჯის უდაბნო ამოირჩია და ბერ ლუკიანესთან ერთად კლდეში გამოკვეთილ პატარა ქვაბულში მოაწყო სენაკი. მამა დავითმა წესად შემოიღო, მათთან დასახლების მსურველს კლდეში სენაკი გამოეკვეთა და სამი წელი განმარტოებით ეცხოვრა. ასე იზრდებოდა მეუდაბნოე ბერთა რიცხვი. ამის გამო ლუკიანემ კიდევ ერთი სამონასტრო განშტოება, ნათლისმცემელი, გააშენა გარეჯის უდაბნოში. გარეჯელ მამაებს შეუერთდა ბერი დოდო, ღირსმა დოდომ კლდის წვერზე ორასზე მეტი სენაკი ააგო, მოგვიანებით კი ღვთისმშობლის ტაძარიც ააშენა. ასე ჩამოყალიბდა გარეჯის კომპლექსის კიდევ ერთი განშტოება - დოდოს რქა. რამდენიმე ხნის შემდეგ დავით გარეჯელმა წმიდა ადგილთა მოსალოცად წასვლა გადაწყვიტა. წმიდა მამამ თავი წმინდა ქალაქში შესვლის ღირსად არ მიიჩნია და ქალაქის კარიბჭესთან ლოცულობდა. მამა დავითმა მადლის ქედიდან დიდი რწმენით სამი ქვა წამოიღო. იერუსალიმის პატრიარქის თხოვნით ორი ქვა დააბრუნა, რათა სრულად არ მოჰკლებოდა მადლი ქრისტეს ქალაქს. ხოლო მესამე გარეჯში დაბრუნებულმა ეკლესიაში დაასვენა. მისი შეხება უკურნებელი სენისაგან არჩენდა მლოცველებს. ხანგრძლივი მოღვაწეობის შემდეგ მამა დავითი გარეჯის მონასტერში აღესრულა, ბერებმა წმინდა მამა იმავე სენაკში დაკრძალეს, სადაც მრავალი წელი გაატარა. არსებობს თქმულება რომ დავით გარეჯში სამჯერ მოლოცვა ერთხელ იერუსალიმის მოლოცვას უდრის.
 
 
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
 
მის: თბილისი 0108, რუსთაველის გამ. 26

ტელ: + 995 032 292 37 37; + 995 597 92 37 37.

ელ-ფოსტა: tour@worldtour.ge
სკაიპი: worldtour.ge1


 უკან დაბრუნება