ონლაინ დახმარება

ფეისბუკი

ვალუტის კურსი

USD 2.4727 0.0064
EUR 2.9561 0.0094
GBP 3.3473 0.0039
RUB 4.2894 0.0105

ამინდის პროგნოზი

Georgian VersionEnglish VersionRussian Version
სამცხე-ჯავახეთი

სამცხე-ჯავახეთის ტური

 

ტური: სამცხე-ჯავახეთი

სახეობა: კულტურული, შემეცნებითი.

სატრანსპორტო საშუალება: მსუბუქი ავტომანქანა, მიკრო-ავტობუსი, ავტობუსი.

ხანგრძლივობა: 3 დღე

კვება: ორჯერადი

ტური შეიძლება შეიცვალოს თქვენი სურვილის მიხედვით. 
სანახავი ობიექტები: ბორჯომის მინერალური წყლების პარკი (XIX ს), მწვანე მონასტერი (IX ს), რაბათის ციხე (IXს.), ჭულეს (XIV ს.) და ზარზმის (XIV ს.) მონასტრები, აბასთუმანი, საფარის მონასტერი (X ს.), ხერთვისის ციხე (X-XIV ს.) და ვარძია.
ტურის პროგრამა: 

I დღე

გასვლა თბილისიდან ახალციხის მიმართულებით, გზად ინახულებთ ბორჯომის მინერალური წყლების პარკს, ისაუზმებთ, შემდეგ ნახავთ მწვანე მონასტერს, ახალციხეში ჩასულები ინახულებთ რაბათის ციხეს, ივახშმებთ და დაბინავდებით სასტუმროში. 

II დღე

საუზმის შემდეგ გაემართებით ადიგენისკენ, ინახულებთ ჭულეს და ზარზმის მონასტრებს, უკან დაბრუნებისას ინახულებთ აბასთუმნის ობსერვატორიას, საღამოს ვახშამი და დაბრუნება სასტუმროში. 

III დღე

დილით საუზმე და გაემართებით საფარისკენ, სფარიდან დაბრუნებულები გაემგზავრებით ვარძიის მიმართულებით, გზად მოინახულებთ ხერთვისის ციხეს, ვარძიის დათვალიერების შემდეგ ივახშმებთ და დაბრუნდებით თბილისში.
 

  ბორჯომის  მინერალური წყლების პარკი - თქვენ დააგემოვნებთ ”ბორჯომის” მინერალურ წყალს, რომელიც დედამიწის ზედაპირზე 8–10 კმ-ის სიღრმიდან ამოდის. „ბორჯომის“ წყლის ჩამოსხმის პირველი მცდელობა ჯერ კიდევ 1850 წელს დაფიქსირდა. ამ პერიოდს უკავშირდება ბორჯომში მინერალური წყლების პარკის გახსნა. აშენდა ახალი სასახლეები, პარკები, ბაღები, ხიდები და სასტუმროები. მისი პოპულარობა წლიდან წლამდე სულ უფრო იზრდებოდა და საბოლოოდ ის სამთო - ბალნეოლოგიურ კურორტად ჩამოყალიბდა. 1890 წ. მინერალური წყლების პარკში ამუშავდა პირველი ჩამომსხმელი ქარხანა, ხოლო 10 წლის შემდეგ დაიწყო მისი ექსპორტი საზღვარგარეთ და დღეს იგი მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. მას მინიჭებული აქვს საერთაშორისო სერტიფიკატი ISO 22000. წყლის სამკურნალო თვისებებს და ხარისხს ბორჯომის ეროვნული ნაკრძალის სუფთა და პირველყოფადი ბუნება განაპირობებს.

  მწვანე მონასტერი - ჩითახევის წმინდა გიორგის მონასტერი, სახელწოდება მონასტერს ადგილმდებარეობის ბუნებრივი სიმწვანის გამო დაერქვა. მონასტრის განსაკუთრებულ სიწმინდეს წარმოადგენს სისხლიანი ქვები. ეს მე–16 საუკუნეში მოწამეობრივად დაღუპული წიმნდა მამების სისხლით შეღებილი ქვებია, რომელიც ღვთის განგებით დღემდე უხრწნელად არის შემორჩენილი. ტაძარი მწვანე ქვიშა–ქვით არის ნაშენი. ქვები, რომლითაც ტაძარია აგებული ყველა მწვანეა, მაგრამ ზოგი მუქი და ზოგი ღია. აქ არც ერთი ხე ერთნაირი მწვანე არ არის. ტაძრის შესახებ მრავალი სასწაული და თქმულება არსებობს, რომელიც კიდევ უფრო აძლიერებს მის მიმართ ინტერესს.
 
 
  რაბათის ციხე - მდებარეობის გამო მნიშვნელოვან ციხეს წარმოადგენდა, სწორედ ეს ცი­ხე-­ქა­ლა­ქი და კომ­პ­ლექ­სი არის უძ­ვე­ლე­სი ახალ­ცი­ხე. ის სამცხის მთავართა ჯაყელების რეზიდენციას და ციხესიმაგრეს წარმოადგენდა. რა­ბა­თი ტო­ლე­რან­ტო­ბის სიმ­ბო­ლოა, აქ კათოლიკებს, ებრაელებს, სომხებს, მართლმადიდებლებსა და მაჰმადიანებს საკუთარი სალოცავები აქვთ. რესტავრირებულ კომპლექსში მდებარეობს სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი, სადაც გან­თავ­სე­ბუ­ლია ექ­ს­პო­ნა­ტე­ბი ბრინ­ჯა­ოს ხა­ნიდან. აქ შესაძლებელია სხვა­დას­ხ­ვა პე­რი­ო­დის ძეგ­ლების გა­ეც­ნო­ბა და დას­ვე­ნე­ბა­საც, კომ­პ­ლექ­სის მე­ო­რე ნა­წილ­ში აშენდა სას­ტუმ­როები, ამ­ფი­თე­ატ­რი, სასეირნო ბილიკები, რესტორანი, კა­ფე­ე­ბი და სა­ვაჭ­რო ცენ­ტ­რი.
 

  ჭუ­ლეს მო­ნას­ტ­რი - მდ. ქვაბლიანის ხეობაში, ფერსათის მთების ძირში მდებარეობს. ტაძრის ადგილას უძველესი დროიდანვე არსებობდა წმ. გიორგის სალოცავი, სწორედ ამ ადგილზე დგას სამონასტრო კომპლექსის მთავარი ნაგებობა - გუმბათოვანი ტაძარი, რომელიც აშენებულია წმ. გიორგის სახელზე. ტაძრამდის დაახლოებით ერთი კილომეტრი გზა წიწვიანი ტყით დაფარულ ვიწრო კლდოვან ხეობაში შედის და მცირე კლდეკარს მიადგება. აქ ხეობა კვლავ იშლება და უზარმაზარი კლდეებით გარშემორტყმულ სივრცვს ქმნის. ეკლესია ამ ამფითეატრის შუაგულში დგას. თუ ტაძ­რის უკან მი­მა­ვალ ბი­ლიკ­ს აუყ­ვებით, ხე­ე­ბით და­ბუ­რულ ხევს მი­ად­გე­ბით, შიგ­ნით შეხ­ვალთ და ჩან­ჩ­ქე­რთან აღ­მოჩ­ნ­დე­ბით. XVI საუკუნის შემდგომ ჭულევში ღვთისმსახურება მხოლოდ 1999 წლიდან აღდგა და დღეს იქ მოქმედი მონასტერია.

  ზარზმის ტაძარს ხანგრძლივი ისტორია აქვს. ამ ადგილას ეკლესია გაცილებით ადრე აშენდა, ვიდრე ახლანდელ დიდ ტაძარს ააგებდნენ. ზარზმის ახლანდელი ტაძარი XIV საუკუნის დასაწყისში არის აგებული. ზარზმის მონასტრის სამრეკლო ერთ-ერთი უდიდესია საქართველოში და ამ ტიპის ქართულ ნაგებობათა საუკეთესო ნიმუშია. მონასტრის ეზოში რამდენიმე ტაძარია. ზარზმაში ინახება მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილი სრულიად უხრწნელი სხეული, რომელსაც, სამოსიდან გამომდინარე, ვარაუდობენ რომ ბერი იყო. აღსანიშნავია ქართული ჭედურობის ერთერთი უძველესი და ღირშესანიშნავი ნიმუში ზარზმის ფერისცვალების ხატი, რომელიც 886 წლით თარიღდება და საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება.
 
  აბასთუმანი ზღვის დონიდან 1250 -1450 მეტრის სიმაღლეზე მდებარე კურორტია, ის არა მარტო კლიმატური, არამედ ბალნეოლოგიური კურორტიცაა, რომელიც მეცხრამეტე საუკუნეში რუსეთის იმპერატორის და მისი ოჯახის დასასვენებლი ადგილი იყო. ხეობა დაფარულია წიწვოვანი ტყით, რომელშიც ფიჭვი დომინირებს, რის გამოც ჰაერი ძალიან გამჭვირვალეა, ჰაერის მაღალი გამჭვირვალობა, უქარო და უღრუბლო ამინდების დიდ რაოდენობა, ასტრონომიული ობსერვატორიისთვის ყველაზე კარგ ასტროკლიმატს ჰქმნის. აბასთუმნის ასტროკლიმატი კი შეიძლება ითქვას იდეალურს უახლოვდება. ასტროფიზიკური ობსერვატორია ევრაზიის მაშტაბით დღემდე ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად ითვლება.
 
 
   საფარის მონასტერი შუა საუკუნეების ქართული მონასტერია. კომპლექსი წარმოადგენდა სამცხის მფლობელ ჯაყელთა ერთ-ერთ რეზიდენციას და საძვალეს. თავის დროზე ის ნამდვილ ციხე-სიმაგრეს წარმოადგენდა. მონასტრის თავზე, დასავლეთით, დღესაც დგას ძველი ციხის ნანგრევები. მონასტრამდე ვიწრო გზა ციცაბო კლდის კალთაზეა გაყვნილი; გარშემო მოწითალო ფერის კლდეებია. ფიჭვისა და ფოთლოვანი ტყით გარშემორტყმული გზის გავლის შემდეგ სრულიად მოულოდნელად გამოჩნდება მონასტერი, რომელიც ოაზისივით ჩანს. აქედან ხეობის შესანიშნავი ხედი იშლება, რომელიც მნახველზე განუმეორებელ შთაბეჭდილებას ახდენს.
 
 
  ხერთვისი შუა საუკუნეების ციხესიმაგრეა, მდინარე ფარავნისა და მტკვრის შესართავთან ციცაბო კლდეზეა აღმართული. ციხე შედგება ციტადელისა და გალავნისაგან. ციტადელი მთის ვიწრო, კლდოვან ქიმზეა აღმართული, ჩრდილოეთ-აღმოსავლეთიდან ციხე მიუდგომელია. ხერთვისის ციხე იმ ეპოქაში ქვეყნის უმთავრესი კომუნიკაციების გზაჯვარედინზე მდებარეობდა და მისი მნიშვნელობაც განუზომლად დიდი იყო. ვარძიის ციხე-ქალაქთან მისი სიახლოვე ამ მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდიდა. 2007 წლიდან ხერთვისი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.
 
 
 

  ვარძია - ლეგენდარული ქართველი მეფის, თამარის საყვარელი რეზიდენცია იყო. ის ამავე დროს კლდეში ნაკვეთი ციხე-სიმაგრეცაა. საქართველოში სამი უდიდესი კლდეში ნაკვეთი ქალაქი არსებობს, ყველაზე მაშტაბური მათ შორის ვარძიაა. იგი 1185 წელს აკურთხეს ღვთისმშობლის მიძინების სახელზე. ამავე სახელობის ეკლესია მდებარეობს ვარძიის კომპლექსის შუაგულში, იშვიათი სანახავია თლილი ქვისგან ნაგები მთავარი ტაძარი, რომელსაც თამარის ფრესკა ამშვენებს (შემორჩენილია თამარის მხოლოდ 4 ფრესკა). ვარძია ფხიზელ გუშაგად იდგა მტკვრის ხეობის სამხრეთიდან მომავალ გზაზე. ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლია საქართველოში. ვარძია შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში, როგორც ერთერთი უნიკალური ქვაში ნაკვეთი ქალაქი.

 
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
 
მის: თბილისი 0108, რუსთაველის გამ. 26

ტელ: + 995 032 292 37 37; + 995 597 92 37 37.

ელ-ფოსტა: tour@worldtour.ge
სკაიპი: worldtour.ge1

 უკან დაბრუნება