ონლაინ დახმარება

ფეისბუკი

ვალუტის კურსი

USD 2.4727 0.0064
EUR 2.9561 0.0094
GBP 3.3473 0.0039
RUB 4.2894 0.0105

ამინდის პროგნოზი

Georgian VersionEnglish VersionRussian Version
თბილისის ტური

თბილისის ტური

 
     ტურის ხანგრძლივობაა 4-5 საათი. ტურის პროგრამაში გათვალისწინებულია რუსთაველის გამზირის, ძველი უბნების, ძეგლების და ტაძრების დათვალიერება. ტურს დაიწყებთ შოთა რუსთაველის ძეგლიდან, რუსთაველის მოედანიდან, მოკლედ მიმოვიხილავთ მიმდებარე ტერიტორიას. ცენტრში "ვეფხისტყაოსნის" გენიალური ავტორის ძეგლი დგას, მოპირდაპირე მხარეს დგას პომპეზური შენობა ლამაზი დაბალი კოლონადით იტალიურ სტილში.ახლა აქ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაა. ამ შენობის კიბეები თვითნასწავლი მხატვრებისა და სუვენირების გამყიდველთა ადგილსამყოფელია. მის წინ დგას მელიქ აზარიანცის სახლი, შემდეგ გაემართებით რუსთაველის გამზირის გავლით თავისუფლების მოედნისაკენ.
 
   
 
     რუსთაველის გამზირი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია სასეირნოდ. აქვეა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი. იგი მავრიტანულ სტილშია შესრულებული. თაღები, ვიტრაჟები, ორნამენტები, ყველაფერი უზადო გემოვნებითა და ყურადღებითაა შექმნილი. შემდეგი შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის შენობაა. ის ყველაზე ლამაზი ნაგებობაა რუსთაველის გამზირზე, თეატრის გვერდით არის სასტუმრო ”თბილისი-მარიოტი”.
 
   
     რუსთაველის გამზირის პარალელურად მიდის გრიბოედოვის ქუჩა. აქ მდებარეობს თბილისის ვანო  სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია და თბილისის სამხატვრო აკადემია (ყოფილი არშაკუანიანის სასახლე). სასტუმროს გვერდით ეროვნული სურათების (ცისფერი) გალერეაა. რუსთაველის გამზირზე მდებარეობს ”ქაშვეთი”-ს ეკლესია. იგი სახელგანთქმული ქართველი მხატვრის ლადო გუდიაშვილის მიერ არის მოხატული. ქაშვეთის ეკლესიის პირდაპირ მდებარეობს ცნობილი პირველი სკოლა - ყოფილი სამეფო გიმნაზია. სკოლის წინ ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის ძეგლია განთავსებული. რუსთაველის გამზირის ცენტრში საქართველოს სახელმწიფო პარლამენტის შენობა დგას მის გვერდით შენობაში განთავსებული იყო კავკასიაში მეფისნაცვლის რეზიდენცია. სასახლეს გააჩნია დიდი და ლამაზი ბაღი, საბჭოთა პერიოდში ეს  პიონერთა სასახლე იყო, დღეს კი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა. მოპირდაპირე მხარეს მდეაბრეობს სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმი, რომელიც 1923 წელს იქნა დაარსებული 1825 წლიდან არსებულ კავკასიის მუზეუმის ბაზაზე. ეს არის ქართული კულტურის ძეგლების უმსხვილესი საცავი. მუზეუმში წარმოდგენილია როგორც ცნობილი მხატვრების ფერწერული ნამუშევრები, ასევე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული უძველესი ნივთები და საგანძური; შემდეგ თავისუფლების მოედანზე მოხვდებით. თავისუფლების მოედნის სამხრეთის ნაწილს თბილისის საკრებულოს შენობა იკავებს ,რომელიც ადრე მერიის შენობა იყო. მოედნის ცენტრში წმინდა გიორგის 40 მეტრი სიმაღლის ტიტანის ქანდაკებაა. მონუმენტს, რომელიც ზურაბ წერეთელმა თავის ქვეყანას უძღვნა ”თავისუფლებისა და გამარჯვების მონუმენტი” ეწოდება. მარჯვენა მხარეს მოჩანს მასიური შენობა, რომელიც ტურისტებისათვის განსაკუთრებული ინტერესის სფეროს წარმოადგენს. მასში ფუნქციონირებდა თბილისის სასულიერო სემინარია, რომელსაც სტალინის ბიოგრაფიიდან ვიცნობთ. თავდაპირველად თბილისის ერთ-ერთ საუკეთესო სასტუმროს წარმოადგენდა, ამჟამად, აქ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი მოქმედებს. შემდეგ მოინახულებთ ბარათაშვილის ქუჩას და ხიდს, მას შეიძლება ”კონტრასტების ქუჩაც” ეწოდოს რადგან აქ ”წარსული” და ”აწმყო” ერთმანეთს ერწყმის. მარჯვენა მხარეს თანამედროვე შენობებია, ხოლო მარცხენა მხარეს - ძველი, ეროვნული სახლები აივნებით. ბარათაშვილის ქუჩაზე კარგადაა შემონახული და ნაწილობრივ აღდგენილი ძველი, კოშკებიანი ციხე-სიმაგრის ფრაგმენტები. ადრე ამ ადგილას დიღმის კარი და მუხრანთუბანის გალავანი იყო. ცოტა ქვემოთ ანჩისხატის ბაზილიკა და მისი სამრეკლო (მე-6 საუკუნე), ერთ-ერთი უძველესი ტაძარია თბილისში. გვერდით წმინდა მარიამის მიძინების ტაძარი ანუ სიონი. სიონის ტაძარში ინახება ქრთველთათვის ყველაზე დიდი სიწმინდე - წმინდა ნინოს ჯვარი, რომელიც ვაზის ორი ტოტისგანაა დამზადებული და წმინდა  ნინოს თმითაა შეკრული. ტური მოიცავს ერეკლე მეორეს ქუჩისა და თავისუფლების ხიდის დათვალიერებას, შარდენისა და ბამბის რიგის ქუჩების მონახულებას (ქუჩები გამოირჩევა კოლორიტული კაფეებითა და აზიურ ევროპული იერსახის არქიტექტურით); შარდენის, ბამბის და ერეკლე მე-2-ის ქუჩები შესაძლებლობას გვაძლევენ დაათვალიეროთ ადგილობრივი არტ-გალერეები და სუვენირის მაღაზიები. აქვეა თბილისისთვის ყველაზე დამახასიათებელი აბანოთუბანი, გოგირდის აბანოები წარმოადგენს დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ეგზოტიკურ და ისტორიულ ნაგებობას. თბილისი ოდითგანვე ცნობილია თავისი გოგირდის აბანოებით. მათგან ყველაზე ძველი ერეკლე მე-2-ს აბანოა. აბანოს ქუჩაზე განთავსებულ აბანოთაგან ყურადღებას იქცევს ორბელიანის აბანო. მას ასევე ”ჭრელ აბანოსაც” უწოდებენ. ლეგენდა გოგირდის აბანოებსა და დედაქალაქის გაშენებაზე მეფე ვახტანგ გორგასლის სახელთანაა დაკავშირებული, შემდეგი მარშრუტი მეტეხის ეკლესიაა. ტაძარი სამეფო რეზიდენციის ნაწილი იყო. ციხესიმაგრე ვახტანგ გორგასალის ბრძანებით მე-5 საუკუნეში იქნა აგებული. შემდეგ მოინახულებთ სოლოლაკის ქედის თავზე ნარიყალას ციხესიმაგრეს. იგი ძველი თბილისის ყოველი კუთხე-კუნჭულიდან მოჩანს. ადგილი ციხე-სიმაგრის ასაშენებლად საუცხოოდაა შერჩეული. ნარიყალას უძველესი ციხესიმაგრის ნანგრევებში განთავსებულია სასეირნო ბილიკი. აქ დგას ”ქართლის დედის” მრავალმეტრიანი ქანდაკება. ეს არის ქართველი ხალხის ლეგენდარული სულის სიმბოლო. ნაციონალურ კაბაში შემოსილ ქალს ერთ ხელში სტუმრისათვის განკუთვნილი ღვინის ფიალა უჭირავს, მეორეში კი მტრისათვის გამიზნული ხმალი. ტურის განმავლობაში მოინახულებთ სამების საკათედრო ტაძარს,რომელიც ყველაზე დიდი მართლმადიდებლური ტაძარია საქართველოში. წმინდა სამების საკათედრო ტაძარი მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ელიას მთაზეა აღმართული, რომელიც ქალაქის მრავალი წერტილიდან ჩანს. სამების ტაძარი შუა საუკუნეების ქართული საეკლესიო არქიტექტურის ტრადიციების დაცვითაა აგებული. ამასთანავე არქიტექტურულ-მხატვრული გადაწყვეტით იგი უნიკალური ნაგებობაცაა. ტაძარი შთამბეჭდავია გარედანაც და შიგნიდანაც თვაისი უზარმაზარი, საზეიმო შიდა სივრცით. ეკლესია უხვადაა მორთული ქვაზე კვეთილობით, მხატვრობით, ხატებით. ტურის დასასრულს ეწვევით მამადავითის ეკლესიას. ეკლესიის ისტორია VI საუკუნიდან იწყება. თბილისის დასავლეთით აღმართული მთის ფერდობზე, კლდეში, სენაკი გამოუკვეთია მამა დავით გარეჯელს და მის ახლოს პატარა სამლოცველოც გაუმართავს. აქვე მოედინება წყარო, რომელიც მამა დავითს ლოცვით გამოუთხოვია უფლისთვის სნეულთა განსაკურნებლად. ეკლესიის ეზოში ქართველ მწერალთა და საზოგადომოღვაწეთა პანთეონია. მამა დავითიდან თბილისზე შთამბეჭდავი ხედი იშლება და ხშირად აქ ამიტომაც ამოდიან.
 
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
 
მის: თბილისი 0108, რუსთაველის გამ. 26

ტელ: + 995 032 292 37 37; + 995 597 92 37 37.

ელ-ფოსტა: tour@worldtour.ge
სკაიპი: worldtour.ge1

 უკან დაბრუნება