კულტურა |



მსოფლიო საგანძურში ერთ-ერთი განსაკუთრებული წვლილი ქართველებმა მრავალხმიანი ხალხური სიმღერითა და ქრისტიანული საგალობლით შეიტანეს. სამხმიანობა უძველესი დროიდან ქართული მუსიკალური აზროვნების ნორმაა. ქართული მრავალხმიანი სიმღერები (ორ, სამ და ოთხხმიანი) დიდი ფაქტურული მრავალფეროვნებით ხასიათდება. სიმღერის იდეურ და შინაარსობრივ მხარისათვის, ემოციურ სამყაროსათვის სრულიად უცხოა სენტიმენტალიზმი და პესიმიზმი. ქართულ ხალხურ სიმღერაში ვაჟკაცური, რაინდული საწყისი ბატონობს.მრავალსაუკუნოვანი ქართული სამუსიკო კულტურის განვითარებაში მძლავრი გარდატეხა ქრისტიანულმა მოძღვრებამ შეიტანა. ქართული გალობის განსაკუთრებულ თავისებურებას წარმოადგენს მისი მრავალხმიანი ბუნება- ქართული საგალობელი მხოლოდ და მხოლოდ სამხმიანია. ქართული საეკლესიო გალობა ყვაოდა როგორც ჩვენს სამეფოში, აგრეთვე მის გარშემო მრავალ ქართულ მონასტრებშიაც. გალობას ქრისტიანობა მუდამ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა წირვა_ლოცვაში და საზოგადოდ ღვთისმსახურებაში. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ვოკალურ მუსიკასთან ერთად შემორჩენილია სიმღერების შესანიშნავი ნიმუშები, რომლებიც სრულდება ხალხური ინსტრუმენტების თანხლებით.
ქართველებიც უძველესი დროიდანვე, ორიგინალურად, თავისებურად იმოსებოდნენ. რასაც მრავალი მიზეზი განაპირობებდა : ეთნიკური ნორმები და ეკოლოგიური პირობები, სამეურნეო მდგომარეობა და ხალხთა შორის კულტურულ-ისტორიული კავშირი.




ქართულ მხატვრობას დიდი ფესვები აქვს, ამის ნათელი დადასტურებაა საქრთველოს ეკლესია-მონასტრებში მრავლად შემორჩენილი ფრესკები რომლებიც თავისი ფერთა გამითა და ხატვის ტექნიკით დღესაც აოცებენ მნახველებს.
მრავალი საუკუნეების მაძილზე განვითარებულმა საეკლესიო და მონუმენტურმა მხატვრობამ დიდი საფუძველი მისცა იმას, რომ XIX საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბებულიყო დაზგური ფერწერა რომელშიც პორტრეტული ჟანრის გარდა საერო და ბატალური ჟანრებმა იჩინეს თავი. ძალზე გავრცელებული გახდა პეზაჟე-ბის გამოსახვა - ქართული ყოფის, ხასიათის და ტრადიციების ფიქსირება. ამ პერიოდში საქართველოში მოღვაწე მხატვრები ძირითადათ რუსეთში გადიოდნენ სწავლებას, ამიტომ ქართულმა მხატვრობამ შეძლო აეთვისებინა ყველა ის ტექნიკური თუ მხატვრული მიღწევები, რომელიც ამდენი ხნის მანძილზე ვითარდებოდა ევროპულ ხელოვნებში. მათ შეძლეს აეთვისებინა და საკუთარი ინტერპრეტაციით გადაემუშავებინათ რუსეთში ნასწავლი ხერხები და შეერწყათ ქართულ ტრადიციებთან.
დიდი გავლენა XX ს-ის 20-იან წლებში ქართულ ხელოვნებაზე მოახდინეს საფრანგეთიდან ახალმა დაბრუნებულმა მხატვრებმა : დ.კაკაბაძე, ე.ახვლედიანი, ლ.გუდიაშვილი. რომელთა შემოქმედებამ დასადამი მისცა თანამედროვე ქართული სამხატვრო სკოლის შექმნა-განვიტარებას. გარდა ამისა უნდა აღინიშნოს , რომ საქართველოში ფრიად გავრცელებული იყო თვითნასწავლ მხატვართა ინსტიტუტი, რომლის თვალსაჩინო მარგალიტია ნიკო ფიროსმანაშვილი. იგი XIX ს-ის ბოლოს და XX ს-ის დასაწყისში მოღვაწეობდა. მისი მემკვიდრეობა ქართული ხელოვნების უნიკალური განძია. მან სრულიად განსხვავებული მხატვრული სახეები შექმნა, თავისებურად აღქმული ქართული ყოფა და საზოგადოებრივი ცხოვრება. აღსანიშნავია, რომ ნიკო ფიროსმანაშვილი ფენომენალური აზროვნების თვითნაბადი მხატვარია, რომელმაც შეიგრძნო ხელოვნების ისტორიის განვითრების ეტაპების მთელი ევოლუცია, თავისებურად გააზრებული და მის ხასიათთან შერწყმული სახეები და მიღწევები წარმოგვიდგინა.
საქართველოში ოდითგანვე არსებობდა მდიდარი თეატრალური კულტურა, რასაც ადასტურებს არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი ნივთები. მაგალითად, ძვ. წ. აღ. II ათასწლეულის ვერცხლის თასზე გამოსახულია ნიღბოსანთა ფერხული, კოლხურ მონეტებსა და ქართლის მონეტებზე კი - მოცეკვავე ხარის ნიღბით. მსგავსი გამოსახულებები გვხვდება მინიატურებზე, ხელნაწერებში, ჭედური ხელოვნების ნიმუშებზე.
ძველ ქართულ ხალხურ სანახაობათა შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ნიღბოსანთა თეატრი - ბერიკაობა, ბერიკაობის სათავედ ბუნების განახლებისა და განაყოფიერების საკულტო4 წეს-ჩვეულება არის მიჩნეული, ამიტომ ის საქართველოს ყველა კუთხეში გაზაფხულის დღესასწაულს უკვშირდებოდა.
არსებობდა ხალხური თეატრის კიდევ ერთი სახეობა - ყეენობა. ეს იყო დიდი სახალხო სანახაობა, საკარნავალო დღესასწაული, რომელიც ასახავდა ქართველი ხალხის ბრძოლას უცხოელ დამპყრობელთა წინააღმდეგ. ყეენობაში მონაწილებას მთელი ხალხი იღებდა.
შუა საუკუნეებში გაჩნდა სახალხო თეატრიც, რომელსაც „სახიობა“ ეწოდებოდა. თეატრში მაყურებელს სთავაზობდნენ ცხოვრებისეულ სიუჟეტებს, პატრიოტულ სცენებს. ამ თეატრის მსახიობები მოცეკვავეები და მომღერლებიც იყვნენ. ისინი იყენებდნენ ნიღბებს.

ქართული პროფესიული თეატრი თბილისში დაარსდა 1879 წელს და მალე მნიშვნელოვან წარმატებასაც მიაღწია. სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდნენ შესანიშნავი მსახიობები: უშანგი ჩხეიძე, აკაკი ვასაძე, აკაკი ხორავა, ვერიკო ანჯაფარიძე, სესილია თაყაიშვილი და სხვა მრავალი. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ქართველ რეჟისორთა სახელები, რომელთა წყალობითაც გაიფურჩქნა ქართული თეატრი: კოტე მარჯანიშვილი, სანდრო ახმეტელი.
ქართული კინოს ისტორია მე-20 საუკუნის დამდეგიდან იწყება. ძმები ლუმიერების ”სინემატოგრფს” ქართული საზოგადოება 1896 წელს გაეცნო, ხოლო 1904 წელს თბილისის ცენტრალურ პროსპექტზე გაიხსნა პირველი ქართული კინოთეატრი ”ილუზიონი”. 1909 წლიდან ფირმა ”პატეს” დაკვეთით დაიწყო ქართული კინოქრონიკის გადაღება. 1912 წელს რეჟისორმა ვასილ ამაშუკელმა გადაიღო პირველი ქართული დოკუმენტური ფილმი : ”აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში”, ხოლო 1918 წელს ალექსანდრე წუწუნავამ გადაიღო პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი ”ქრისტინე”. არსებობის მანძილზე ქართულ კინემატოგრაფიაში 2000 მდე მხატვრული და დოკუმენტური ფილმია შექმნილი.
ბევრ მათგანს მიღებული აქვს საერთაშორისო დონის აღიარება.
ძვ.წ. III საუკუნეში ქართლის მეფემ ფარნავაზმა ქართული ენა სახელმწიფო ენად გამოაცხადა და ქართულმა დამწერლობამაც ამ პერიოდში უფრო სრულყოფილი სახე მიიღო. დროთა განმავლობაში ქართული დამწერლობა იხვეწებოდა, ფორმას იცვლიდა, ახალ ნიშნებს იძენდა. დღესდღეობით ქართულში 33 ასო-ბგერაა.